საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს მომხსენებლებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა რეფორმების კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებიც განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროსაბჭო საქართველოს მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების პროცესს აკვირდება.
"ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მოსაზრებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის აზრთა გაცვლა მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლის კერსტინ ლუნდგრენის განცხადებით, ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგია.
"საქართველოში არსებული სიტუაციის შესასწავლად მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. ვითარების შესწავლის პროცესში კი მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციის გაგება. ამ მხრივ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო", - აღნიშნა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა კერსტინ ლუნდგერნმა.
შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ.