თუ გადაწყდება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, შესაძლებელი გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება

თუ გადაწყდება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, შესაძლებელი გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2016 წელს პენსიების გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ ბიუჯეტის პროექტით უკვე გაწერილი ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდება. როგორც კაკაურიძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობისთვის მზად არის.

"ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის. გარკვეული შიდაგადანაწილებებით, მათ შორის სამინისტროებს შორის გადანაწილებებით - თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება, თუმცა ეს არის რთული სამუშაო პროცესი", - განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, "მთავარია პარლამენტთან ერთად გადაწყდეს, რა არის პრიორიტეტი და რომელი უფრო სასწრაფოდ დასაფინანსებელია 2016 წლის განმავლობაში".

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს გააცნო.