ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

რეზოლუციის ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით ნატო-ს „ღია კარის და პარტნიორობის პოლიტიკის“ გზით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება“, ასამბლეა კვლავ ადასტურებს მის სრულ და უწყვეტ მხარდაჭერას ნატო-ს გაფართოებისა და საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, მაკედონიის ნატო-ს წევრობისკენ მისწრაფების მიმართ.

ამავე თავის მე-10 პუნქტში ასამბლეა ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს გააგრძელონ ნატო-ს უელსის სამიტზე შეთანხმებული მხარდაჭერა ასპირანტი ქვეყნების მიმართ, მათ შორის გააგრძელონ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმართ. საპარლამენტო ასამბლეა ასევე, ნატო-ს მოუწოდებს მომავალ სამიტზე, ვარშავაში კიდევ ერთხელ გაიმეოროს გასულ სამიტზე აღებული ვალდებულება „ღია კარის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით და განიხილოს სხვა ასპირანტი ქვეყნების - საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და მაკედონიის სრული წევრობისკენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რაც ეფუძნება ვაშინგტონის შეთანხმების მეათე პუნქტით დადგენილი პირობების ფარგლებში მიღწეულ პროგრესს.

ამავე თავის მე-12 პუნქტში ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს სრულად განახორციელოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნული რეკომენდაციები და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაციის რეკომენდაციები.

რეზოლუციის მომდევნო თავში სახელწოდებით - „რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის მოგერიება“, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გაზარდოს პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის სიმძლავრე სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.

თავის, სახელწოდებით, „უელსის სამიტის მაღალი ინიციატივების მხარდაჭერა“, მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეძრწუნებულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და უკრაინაში სამხედრო ჩარევის გაგრძელების გამო ისევე, როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით. ასევე, მინსკის მეორე შეთანხმების და რუსეთ-საქართველოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დებულებების განხორციელებაში დაბრკოლებების შექმნის გამო. ამავე თავში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს ალიანსის „ღია კარის პოლიტიკის“ მნიშვნელობას, როგორც თავად ალიანსისთვის, ასევე პარტნიორი და ასპირანტი ქვეყნებისთვის, შეუერთდნენ ალიანს მათი სურვილისა და მზადყოფნის საფუძველზე.

ამავე თავის 27 პარაგრაფის ერთ-ერთ პუნქტში საპარლამენტო ასამბლეა ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს განაგრძონ მხარდაჭერა და წვლილის შეტანა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს ეხმარება დაწინაურდეს ალიანსის წევრობისკენ მიმავალ გზაზე მომზადების მხრივ. ასევე, ასამბლეა მიესალმება არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი წვრთნების ჩატარებას და ერთობლივი სასწავლო ცენტრის ინაუგურაციას. 

ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით „ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, ასამბლეა აღიარებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული აგრესიის გაგრძელება ისევე, როგორ უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობები, შეესაბამება მეზობლების მიმართ მის აგრესიულ დამოკიდებულებას, მათ შორის საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაციის გამოვლინებას, რაც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ ხელყოფას წარმოადგენს.