ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარი ის აჟიოტაჟი, რაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ხდება.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს მოქმედი მთავრობა ისევე თანამშრომლობს გაზპრომთან, როგორც წინა ხელისუფლებები.
"აბსოლუტურად გაუგებარია ის განცხადებები, რა ჭრილშიც ისინი ამას აკეთებენ. კიდევ ერთხელ მინდა განმარტება გავაკეთო, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა, აზიის ქვეყნები ყველა თანამშრომლობს "გაზპრომთან". ჩვენც, ჩვენი ხელისუფლებაც, ისევე როგორც წინა ხელისუფლებაც და იმის წინაც ვთანამშრომლობთ "გაზპრომთან" და მე მგონი, პრობლემა არ შექმნილა. ამიტომ, დღეს რატომ წამოიწია ამ საკითხმა, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას, ყოველწლიურად შემოგვაქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან და ვფიქრობ, გაუგებარია ეს განცხადებები", - განაცხადა კალაძემ
ამასთან, კალაძე საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნასაც გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თუკი მასთან კითხვები გააჩნიათ, ის მზად არის ამ კითხვებს პასუხი გასცეს.
"მე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ და თავისუფლად შეუძლიათ, ვისაც კითხვები აქვს მობრძანდნენ სამინისტროში და მათ გავაცნობ. გუშინ მოვუსმინე გარკვეული პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს და შემიძლია გითხრათ, რომ ღია კარებს ამტვრევენ", - აღნიშნა კალაძემ