"იქნებ მოსამართლეს ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მივცეთ საქმის განხილვის საშუალება"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედა ფიგურირებს.

მინისტრის თქმით "რუსთავი 2"-ის საქმეზე კარგი იქნება თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რათა ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ.

„რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა, გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს, მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპის, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წაუყენებენ. საუბარია 2014 წლის იანვარში მომხდარ ინციდენტზე. სიძის მტკიცებით, მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს განიხილავს.