საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიციატივებია შეტანილი , რასაც მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ საბჭოებში საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დღევანდელ შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს წერილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისადმი, სადაც ისინი მინისტრთან შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივების შესახებ საუბარს მოითხოვენ.
მურუსიძის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსამართლეთა უმრავლესობას რიგ საკითხებზე აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია გააჩნია, ნინო გვენეტაძემ კი საკუთარი ინიციატივები მოსამართლეთა პოზიციის გათვალისწინების გარეშე შეიტანა კანონპროექტში.
მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან მოხდა შეთანხმება, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა ხმათა ორი მესამედის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და ეს უნდა შევიდეს კანონპროექტში. თუმცა, მურუსიძის თქმით, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით აღნიშნული შეთანხმება დაირღვა და კანონპროექტში წარმოდგენილია, რომ 8 ხმით უნდა მოხდეს დისციპლინური პასუხისგების საკითხის გადაწყვეტა.
"არის რიგი საკითხები, რაზეც დავაფიქსირეთ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, ეს ეხებოდა მენეჯმენტის დეპარტამენტს, ასევე დამოუკიდებელ ინსპექტორს. შევთანხმდით, რომ მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა მოხდება საბჭოს გადაწყვეტილებით ხმათა ორი მესამედით. ამაზე იყო შეთანხმება, რაზეც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემაც გამოთქვა თანხმობა, თუმცა ეს შეთანხმება დაირღვა და კანონპროექტში ისევ არის წარმოდგენილი, რომ 8 ხმით უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. სამწუხაროა, რომ კანონპროექტში არც ერთი ცვლილება არ გაითვალისწინეს, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიტანა ეს ცვლილებები და მიგვაჩნია, რომ ის ვერ მიიტანს იუსტიციის სამინისტროში და პარლამენტში იმ ცვლილებებს, რასაც ეთანხმება მოსამართლეთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა განცხადება სწორედ აქედან გამომდინარე შეიმუშავა.
"მივმართავთ თეა წულუკიანს და ვთხოვთ, რომ იმისათვის, რათა წარმოდგენა შეექმნას, რაც გააჩნია მოსამართლეთა კორპუსის აბსოლუტურ უმრავლესობას, ნებისმიერ ფორმატში შეგვხვდეს და ჩვენ მინისტრს გავაცნოთ ჩვენი პოზიციები, ვინაიდან ჩვენ საშუალება არ გვაქვს, ეს პოზიციები სხვა გზით მივიტანოთ კანონპროექტის ავტორთან _ იუსტიციის სამინისტროსთან.
სასამართლოს კორპუსს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ჩვენ არ ვერევით პარლამენტის კომპეტენციაში. პარლამენტის გადასაწყვეტია კანონპროექტში რას დაეთანხმება და რას - არა. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, რომ მოგვისმინონ და ჩვენი პოზიციები მივიდეს კანონპროექტის ავტორამდე", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, თავდაპირველად საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში მოსამართლეთა კორპუსი ერთ საკითხს ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი რიგი საკითხები არსებობს, რაც არის ჩამატებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ.
"ეს არ არის სასამართლოს პოზიცია, როგორც ეს წარმოჩინდება პარლამენტში. ჩვენ გაგვაჩნია აბსოლუტურად სხვა პოზიცია. მოსმენას მაინც ვიმსახურებთ", - განაცხადა ლევან მურუსიძემ, რომელმაც საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი ჯგუფის მოსამართლე წევრებთან ერთად გამართა.