17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს თბილისშიც და იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 15 გრადუსი დაფიქსირდება.
ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი და ზოგან ძლიერიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსი იქნება. თბილისში კვლავ იწვიმებს, იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 14 გრადუსი დაფიქსირდება.
14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი.
15-16 ოქტომბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმის ნალექს კვლავ პროგნოზირებენ. 17 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.