საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ეკა ბესელიას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს პასუხისმგებლობის ტვირთი, მისი როლი და ფუნქციაა, რომ საზოგადოებაში არ დატოვოს კითხვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
"უპრეცენდენტოდ გააქტიურებულია საკონსტიტუციო სასამართლო, კარგია, რომ ის ასეთი ტემპით ამოქმედდა და ამუშავდა, რადგან საკმაოდ დიდი ხანი დუნე და ნელი იყო – პრაქტიკულად ვერ ვხედავდით ამ სასამართლოს მუშაობის დინამიკას. ახლა კი არის შთამბეჭდავად სწრაფი, თუმცა, ეს არის ძალიან ბევრი კითხვის მატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები არ ტოვებდეს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის მიუკერძოებელი და არაობიექტური. სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს კითხვები არ დარჩეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოეთხოვება ძალიან მაღალი სტანდარტი, რადგან ის ამოწმებს კანონის კონსტიტუციურობას. სწორედ ამიტომ მან თავად უნდა აჩვენოს უზადოდ, უშეცდომოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტანდარტი. კითხვები ჩნდება და ეს კითხვები ლოგიკურად ისმის, ამიტომ სასამართლოს პასუხისმგებლობის ტვირთი, მისი უშუალო როლი და ფუნქციაა, რომ საზოგადოებაში არ დატოვოს კითხვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციას პატივს სცემს და უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ მოახდენს, მაგრამ აინტერესებს ყველა იმ გადაწყვეტილების დასაბუთება, რომელიც ამა თუ იმ საკითხს დაედება საფუძვლად.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისაც, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო.
სარჩელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა მოამზადეს.