ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "სწორს" და "სამართლიანს" უწოდებს.
როგორც აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი სარჩელის წარმოებაში მიღებით დაადასტურა, რომ საქართველოში არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების რევიზიას ახდენენ.
"ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელსაც მოყვება ის, რომ კვლავ ეროვნული ბანკი გააგრძელებს თავისი საქმიანობის შესრულებას, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა განსაზღვრული. ეს არის სწორი, სამართლიანი და ის გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით ჩვენ და ელოდა საზოგადოება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე შექმნით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მინდა, ყველა იმ ადამიანს მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ვინც ამ თემაზე მუშაობდა პარლამენტში, პარლამენტს გარეთ და აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ისე მარტივად არ არის ყველაფერი, როგორც წარმოუდგენია ხელისუფლებას, რომელიც თავის თავზე ირგებს უამრავ გადაწყვეტილებას. არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ამას ძალიან სერიოზულ რევიზიას უკეთებენ. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებას თავად საზოგადოებაც გაუკეთებს რევიზიას, როცა ამის დრო მოვა ანუ არჩევნებზე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. მუშოაბ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე იქნება შეჩერებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისაც, ხოლო ოთხი იყო წინააღმდეგი.