იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს

სირიაში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია, ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ახლო აღმოსავლეთში მზარდ საფრთხეებზე და ალიანსის გეგმებზე ისაუბრებენ. შეხვედრის დაწყებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ნატო საკუთარი მოკავშირეების დასაცავად მზად არის.

როგორც "ბიბისი" წერს, მინისტერიალზე ნატო-ს თავდაცვის მინისტრები თურქეთს ოფიციალურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. საქმე ეხება 3 და 4 სექტემბერს მომხდარ ინციდენტებს, როდესაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

გარდა ამისა, მინისტერიალზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი ოფიციალურად დაადასტურებს, რომ ლონდონი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბრიტანელ სამხედროებს გააგზავნის. ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-მ და გერმანიამაც მიიღეს.

ბრიუსელში დაწყებულ მინისტერიალზე თავდაცვის მინისტრები ავღანეთში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ და ალიანსის თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ზომებს განიხილავენ.

განცხადება გაკეთდება უნგრეთსა და სლოვაკეთში ნატო-ს სამეთაურო ცენტრების გახსნის შესახებ.

თავდაცვის მინისტრები ასევე, სამხედრო კონცეფციას დაამტკიცებენ, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების გაორმაგებას გულისხმობს.