საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "არჩევანში" აშშ-ში საქართველოს ელჩზე, არჩილ გეგეშიძეზე საუბრის კონტექსტში გააკეთა, რომელიც, როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილის ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტში არ მონაწილეობდა.
"მთელი დიპლომატიური კორპუსის თაობაზე მე ვერ გავიზიარებ კითხვის ნიშანს, რადგან ქართველი დიპლომატები ქართულ სახელმწიფოს წინ სწევენ, როდესაც თავისი პროფესიონალიზმით, მოწოდებით, მუშაობით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის არც თუ იოლი დღის წესრიგის სხვადასხვა დედაქალაქებში წამოწევას და ესმით, რამდენად დიდი ნდობაა, როცა შენ გქვია საქართველოს ელჩი და სხვა ქვეყნების დედაქალაქებში წარმოადგენ შენს სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ იმ დედაქალაქში არ არის პრეზიდენტი - თუ პრეზიდენტია სწორედ პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფოს მეთაური. შესაბამისად, დიდი პატივისცემა არის გამოხატული ადამიანის მიმართ, ვისაც ჩვენ ელჩის მანდატს ვანიჭებთ... მთელი წესი, რიტუალი, ღირსებაა ჩადებული სახელმწიფო სამსახურში, რომლის დეგრადირებაც პრინციპულად მიუღებელია. ეს არის მორღვევა ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ღირებულებების. სხვათა შორის, ერთ-ერთი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო წინა ხელისუფლბის დროს, იყო საჯარო სამსახურების პოლიტიზირება, მაგალითად, როდესაც მესმოდა, რომ პოლიციელები ყვიროდნენ "მიშა, მიშას". მახსოვს, როცა ოპოზიციაში ვიყავი, ვამაყობდი, რომ როდესაც მიტინგზე ბიძინასთან ერთად მივდიოდი და იწყებოდა "ბიძინა, ბიძინას" სკანდირება, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა მხარდამჭერები გაეჩერებინა და მოუწოდებდა, რომ ეყვირათ "საქართველო", ანუ ჩვენ ვახდენდით საჯარო სამსახურის დეპერსონალიზაციას, დეპოლიტიზაციას. თუ ასეთი მოტივაცია ნელ-ნელა ჩნდება ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელეში, განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსში, ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენი უმაღლესი დიპლომატიური სამსახურის - საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, რომ სწორი მორალი, დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებში, ვინც ელემენტარულად არღვევს კანონმდებლოოის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში.
სხვათა შორის, მე იქ არ ვიყავი ჩასული ჩემი კერძო ვიზიტით, ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და შეხვედრების შედეგად ძალიან საინტერესო საშინაო დავალებას დავუტოვებდი ქართულ დიპლომატიურ მისიას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის განმარტებითაც, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩ არჩილ გეგეშიძესთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია.