პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკოსებს შეახსენებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შედეგად შევარდნაძის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო კი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "არჩევანში", "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, იმედი აქვს, რომ პოლიტიკოსებს "ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ".
"შესაბამისად, მე დღეს ყველა პოლიტიკოსისგან, განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკურ ბანაკს მიეკუთვნება, რა დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ მაუწყებელთან, ველი მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს სასამართლო საქმეში ჩარევას, მაგრამ ხაზგასმით უნდა იქნას დაფიქსირებული ეს ღირებულებები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება უშუალოდ "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, პრეზიდენტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მედიასაშუალების დამოუკიდებელობა იყოს შენარჩუნებული.
"რუსთავი 2", ისევე. როგორც ნებისმიერი მედიასაშუალება, არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი, რომელიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დაგვიცავს და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში იყოს, განვითარდეს და გაღრმავდეს დემოკრატია. კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან დავა ეხება კომპანიის მეწილეებს და მიმაჩნია, რომ სასამართლოს საქმეში პოლიტიკოსი, მით უმეტეს თანამდებობის პირი არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მეორე საკითხია თვითონ "რუსთავი 2"-ის ფუნქციონირება. ის ისევე, როგორც ნებისმიერი მედია არ არის მხოლოდ ბიზნესკომპანია. მისი საქმიანობის მომხმარებელია ქართული საზოგადოება. ბუნებრივია, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა მას "რუსთავი 2"-ის ტონი, პათოსი, მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებების დამოუკიდებელობა იყოს შენარჩუნებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.