ბეგლარ ქამაშიძე:   ნუ ეკითხებით წინამძღვარს, მეჩეთი სჭირდება თუ არა

ბეგლარ ქამაშიძე: ნუ ეკითხებით წინამძღვარს, მეჩეთი სჭირდება თუ არა

ნუ ეკითხებით წინამძღვარს,  მეჩეთი სჭირდება თუ არა, - ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ბათუმში ახალი სამუფთოს რეზიდენცვიის გახსნაზე ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მრევლის მოთხოვნა მეჩეთის აშენების თაობაზე რატომ შეიცვალა სამუფთო რეზიდენციის გადაცემის მოთხოვნით, ბეგლარ ქამაშიძემ განაცხადა: "ჯერ რეზიდენციაში გადმოვედით, რომ აქედან კარგი მუშაობით ყველაფერი გავაკეთოთ რაც მრევლს დაჭირდება".

მისივე განმარტებით, ეს არ იქნება პიროვნებების რეზიდენცია, ეს იქნება ყველა მუსლიმის სახლი და საქართველოს სარკე, მუსლიმებს ექნებათ უნიკალური შენობები, სადაც სტუმრის მიღების არ შერცხვებათ.

ჟურნალისტების შეკითხვამ, აპირებს თუ არა მრევლის მოთხოვნის შესაბამისად მეჩეთის მშენებლობის საკითხი კვლავ დააყენოს, ბეგლარ ქამაშიძის გაღიზიანება გამოიწვია და მედიას "ინტრიგნული კითხვებისგან" თავის შეკავება ურჩია.

"მეჩეთში რესტავრაცია არის ჩასატარებელი და რამდენადაც გაფართოვდება კარგი იქნება. ერთი კი არა 10 მეჩეთია საჭირო დღეს. მეკითხებით წინამძღვარს, მეჩეთი საჭიროა თუ არა, მოთმინებაა საჭირო და ღმერთით ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მრევლისთვის ხუთიანზე. დღეს მაქვს საზეიმო განწყობა, გადმოვედით უზარმაზარ შენობებში არა დასაძინებლად და დროის სატარებლად, არამედ იმისთვის, რომ მრევლისთვის წარმატებული წინამძღვრები ვიყოთ. თუ ვერ ვიქნებით, ყველაფერი დროებითია, სამსახურიც, სიცოცხლეც, ახალგაზრდობაც, ქონებაც და თანამდებობაც. არ ვიქნები წარმატებული? წავალ და სხვა მოვა. ნუ ეკითხებით წინამძღვარს მეჩეთი სჭირდება თუ არა, შეიძლება მართლმადიდებელს ჰკითხო, ეკლესია გჭირდება თუ არა? ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება. თქვენ ჩემზე მაგრად არ გენდომებათ ის, რაც მე მინდა. ინტრიგნულ შეკითხვებს გთხოვთ, ნუ დასვამთ", - მიმართა ბეგლარ ქამაშიძემ მედიის წარმომადგენლებს.

დღეს ბათუმში, ანგისის დასახლებაში სამუფთო რეზიდენცია გახისნა.