დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზიას ვერ და არ განახორციელებს.
ასეთი უპასუხა ბესელიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომელიც მათი სამი მხადამჭერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ სპეციალური რეზოლუციის მიღებას ეხებოდა.
ბესელიას თქმით, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და მისი გადაწყვეტილებების რევიზიას პარლამენტი არ დაუშვებს.
"სასამართლოს გადაწყვეტილება არის ისეთი, როგორიც არის. ვის, როდის, რა დოზით, რა ფორმით, რა მოცულობით, რას შეუფარდებს - ამის რევიზიას აქ ვერ და არ გავაკეთებთ. არ ვიცი, როდის იყავით თქვენ იმის წინააღმდეგ, რაც კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძისა თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა. ჩვენ ვიცით ის, რომ თქვენი მაშინდელი სამი კოლეგა ძვლივს გადაურჩა სიკვდილს. ჩვენ არავისთვის არ გვინდა ამგვარი რამ და არც წიწილებიანი, თუ დაჩიტულკვერცხებიანი ფორმის საგნების სროლა", - მიმართა ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს.
ბესელია ხაზგასმით აცხადებს, რომ ყველა საქმეზე ადგილი ჰქონდა რეაგირებას, მაგრამ ის, თუ როგორი გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ, ამაში პარლამენტი ვერ ჩაერევა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს.
რეზოლუციის მიღების საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა. ბარამიძის შეფასებით, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, რაც ვითარების ესკალაციას ახდენს და საზოგადოება გაყოფისკენ მიჰყავს.
როგორც ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქუთაისში გამართულ აქციისას, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო, აქციის სამი მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ორი თვით დააპატიმრეს, მაშინ როდესაც მსგავსი რეაგირება არ მოჰყოლია ოპოზიციონერ დეპუტატებზე გიორგი ღვინიაშვილზე, ჩიორა თაქთაქიშვილზე, ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმას.
"თუ ადრე რამე არ მოგწონდათ, იმაზე უარესს თქვენ ნუ გაიმეორებთ. ივანიშვილის მმართველობა ქვეყნას ძვირი უჯდება. მივდივართ სამოქალაქო კონფრონტაციისკენ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.