ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის ხელყოფის გამო, თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გენმდივნის პრესსამსახური ავრცელებს.
„მე ახლახან შევხვდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფერიდუნ სინირლიოღლუს, რათა განგვეხილა რუსეთის ბოლო დროინდელი სამხედრო მოქმედებები სირიაში და მის გარშემო. მათ შორის, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცის მიუღებელი დარღვევა.
მე გარკვევით განვაცხადე, რომ ნატო, თურქეთის უსაფრთხოების მტკიცე ერთგული რჩება. მე დღეს მოგვიანებით ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომას მოვიწვევ, რათა განვიხილოთ სიტუაცია. რუსეთის ქმედებებს არ შეაქვს წვლილი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში.
მე მოვუწოდებ რუსეთს სრულად სცეს პატივი ნატო-ს საჰაერო სივრცეს და თავი აარიდოს ალიანსთან დაძაბულობის ესკალაციას. მოვუწოდებ რუსეთს მიიღოს აუცილებელი ზომები, რომ მისი ძალისხმევა გათანაბრდეს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელმაც სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, გზა თურქულმა გამანადგურებლებმა გადაუღობეს, რის შემდეგაც, მან თურქეთის ტერიტორია დატოვა.