ოპოზიციამ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე, საკუთარი პოზიცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოხატა.
3 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე საკუთარი შეფასება დიპლომატებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა გააცნო. ყველა მათგანმა ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
"ნამდვილად არ ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ გახდებოდა ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ მქონდა ერთადერთი განცდა - როცა ხელისუფლებას ასე გაუჭირდა პოზიციების დათმობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან მიმართებაში, წარმომიდგენია როგორ გაუჭირდება აღიაროს ის წაგება, რომელიც მას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოელის. წარმომიდგენია, რა საარჩევნო გარემო შეიძლება იყოს. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დემონსტრირება და საზოგადოებისთვის გაგზავნილი მესიჯი, რომ არ დაუშვებს წაგებას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა გოგორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებთან საარჩევნო რეფორმის თემაზე გამართულ შეხვედრაზე.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საკუთარი შეხედულებები გააცნეს არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც.