„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ საგანგაშო ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ყოველდღიურად იჩენს თავს.
მისი თქმით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი იძულებული არ გახდებოდა, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე გაეკეთებინა აქცენტი, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანა ვერა და ვერ დადგა დემოკრატიის გზაზე.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, საუბარი არ არის კანდიდატებზე და პიროვნებებზე, საუბარია პროცედურებზე, რომლითაც არჩევნები ჩატარდა, რამაც ნათელი გახადა, თუ რას აპირებს ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
„საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რაც უშუალოდ არჩევნების დღეს ხდებოდა, არამედ იმაზე, რაც მანამ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება არჩევნებში, იმის გამო, რომ მის მომხრეებზე განხორციელდა ზეწოლა. ძალიან საგანაგაშოა ის გარემოება, რომ არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი, რომელმაც თავისი იქ ყოფნა გაამართლა იმით, რომ იმ დღეს შაბათი იყო. ეტყობა ბატონ კალაძეს ჰგონია, რომ შაბათ-კვირას ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს. მიუხედავად კალაძის სპორტული დამსახურებებისა, ის ამჯერად არის არა ფეხბურთელი, არამედ ვიცე-პრემიერი და მისი არჩევნებზე ყოფნა პირდაპირ იხილება სახელისუფლებო რესურსის გამოყენებად და ზეწოლის ფაქტად“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ის რომ ხელისუფლებამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეცვალა საარჩევნო გარემო, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ისეთივე მეთოდებით აპირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც ეს მან 2 დღის წინ განახორციელა, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს. მისი თქმით, ის რომ მაინც და მაინც არჩევნების წინა დღეს ხდება ადამიანის დაკავება, სერიოზულ ეჭვებს აჩენს და გვახსენებს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
„ქართული ოცნება“ დაადგა „ნაციონალური მოძრაობის“ – „ნაციონალიზაციის“ გზას. ერთადერთი, რაც იმედს მიტოვებს, არის ის, რომ ისინი იმდენად უსუსურნი არიან, იმედია ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ სრულყოფილად გადმოიღონ „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის მეთოდები. მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ თუ თქვენ საპარლამენტო არჩევნებს ისევე ჩაატარებთ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, ხავერდოვნად დასრულდება ეს პროცესი და ვინმე მოგილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, მიაქციონ ყურადღება იმ სგაანგაშო სიგნალებს, რომელიც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. ამას ქვეყანაში ძალიან მძიმე შედეგები მოყვება და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი, ამიტომ არ არის ვალდებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი გააკეთოს, თუმცა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოს პოლიტიკოსების განცხადებებს და ამის შემდეგ საკუთარი დასკვნები გამოიტანოს.
„ქვეყანაში მზადდება საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ეს ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება. დღეს ყველას შეგვიძლია არ დავხუჭოთ თვალები არც ერთ ნიშანზე, რომელიც ამისკენ მიუთითებს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.