საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საარჩევნო რეფორმის საკითხზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა პარლამენტში, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომის ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრა,ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, სტუმრებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობენ.
"როგორც ცნობილია, თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდა და საქართველოს პრეზიდენტთან ხელი მოაწერა საერთო ხედვას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამხარეო-პროპორციული არჩევნები. ეს თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას გულისხმობს. ხელისუფლება გვთავაზობს, რეფორმა 2020-ში განხორციელდეს, თუმცა ეს მიდგომა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელსაც დღეს დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცნობთ. ჩვენ მათ წარვუდგენთ არგუმენტებს, თუ რატომ არის საჭირო, რომ ახალი საარჩევნო სისტემით 2016 წელსაც უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. რომელსაც, სხვათაშორის, თავის დროზე მმართველი კოალიცია პირდებოდა საზოგადოებას და რომლის შესრულებაზე, დღეს, სამწუხაროდ, უარს ამბობს", - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.