ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლის, პედრო აგრამუნტის განცხადებით, მისთვის შემაშფოთებელი იყო ის პირობები, რომელშიც ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი , ყოფილი მერი გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფებიან. ამის შესახებ აგრამუნტმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
პედრო აგრამუნტმა ისაუბრა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1-ელ ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე და განაცხადა, რომ ის მიიღეს 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ, რც ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეის სრული უმრავლესობა იზიარებს რეზოლუციაში გამოთქმულ პოზიციას.
როგორც აგრამუნტმა აღნიშნა, ანგარიშის მომზადებისას იმყოფებოდა თბილისში და დაკავებული პოლიტიკური ლიდერები მოინახულა.
"შემაშფოთებელი იყო ის პირობები, რომლებშიც ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფებიან. მიუღებელია წინასწარი დაკავების ინსტრუმენტის იმგვარი გამოყენება, როგორსაც ქართული მართლმსაჯულება იყენებს. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივაციას, ძალიან მეტყველია ის ფაქტი, თუ როგორი გულმოდგინებით ცდილობს უმრავლესობის პოლიტიკური გუნდი, დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან და მათი საკანში გამოკეტვა კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ამით უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. განსაკუთრებით შემაშფოთა იუსტიციის მინისტრის განცხადებამ, რომელმაც ასეთი პრაქტიკა მოიწონა. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი თბილისის ყოფილი მერის ჯერ გათავისუფლებას და ერთი დღის მერე ისევ დაპატიმრებას. აქ შეკითხვები მორალურ მხარეზეც უნდა დაისვას", -განაცხადა აგრამუნტმა.
კითხვაზე, ოპონენტების არგუმენტია, თუ რატომ დუმდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წინა მთავრობის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ევროსაბჭოს მომხსენებლმა განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება იმას, თითქოს ევროსაბჭო ადრე ჩადენილ დანაშაულზე თვალს ხუჭავდა.
"ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას წინა მთავრობის დროს არსებული ხარვეზების შესახებაც. არც იმას ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული, უდანაშაულოა, მაგრამ ასეთივე აბსურდია იმის მტკიცება, რომ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი, რომლის ერთ ნახევარს ქვეყნის დატოვება უწევს, მეორეს კი ციხეში ჩაჯდომა ემუქრება, ერთიანად დამნაშავეებისგან შედგება.
გამჭვირვალე სასამართლოს პროცესი და გადაწყვეტილებები, რომელიც დამატებით შეკითხვებსა და ეჭვებს არ ბადებს - აი, რისი მიღწევა სურს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ამ რეზოლუციით", - განაცხადა აგრამუნტმა.
რაც შეეხება კითხვას, რომ მმართველ გუნდს გაუჩნდა კრიტიკა ობიექტურობის შესახებ, აგრამუნტი ამბობს, რომ კონსტრუქციულ კრიტიკას სიამოვნებით გაიზიარებს, მაგრამ "ამ შემთხვევაში თითის გაშვერასთან გვაქვს საქმე".
მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებლს 5 დღე ჰქონდათ იმისთვის, რომ სხვა დელეგატები საკუთარი არგუმენტების სისწორეში დაერწმუნებინათ.
"მაგრამ, როგორც ვნახეთ, სრული უმრავლესობისთვის მათი არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა", -აღნიშნა აგრამუნტმა.