რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიება სასტუმრო "თბილისი მარიოტში" უწყების ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგის ფარგლებში შემუშავებულია 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შესაბამისი ღონისძიებების გატარებას 2015-2020 წლებში ითვალისწინებს.
"საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია ზოგადად მსოფლიოს, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს. ჩვენ მსოფლიო ბანკის დახმარებით შევქმენით სპეციალური ჯგუფი, სადაც მსხვილი ექსპერტებიც მონაწილეობენ. შემუშავებულია სტრატეგია და ამ სტრატეგიის განხორცილებისთვის 5-წლიანი გეგმა, რომელშიც კონკრეტული ღონისძიებები იქნებაა გაწერილი. სწორედ აღნიშნულ სტრატეგიასა და გეგმაზე სამსჯელოდ ვართ დღეს შეკრებილები", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.