ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა, შვილებთან ერთად, კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა
მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა, ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, კომპანია „ხარებას” ვენახებში დაკრიფეს.
პრემიერი ასევე კახელ მევენახეებს ესაუბრა და რთველის შესახებ მათი მოსაზრება მოისმინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„მთავრობა, უკვე მესამე წელია, ერთსა და იმავე სუბსიდიას გასცემს - თეთრ ყურძენზე - 35 თეთრის, ხოლო საფერავზე - 15 თეთრის ოდენობით. ჩვენი მთავრობის პირობებში, ყურძენს ფასი დაედო, 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რადგან გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა. თუნდაც ამ ვითარებაში, მათ 100%-იანი მოგებით შეუძლიათ, გაყიდონ ყურძენი. მოსავალი გაორმაგებულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 300 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში“, - განაცხადა პრემიერმა მევენახეებთან საუბრისას.