"ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს ერთიანობის, ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა"

ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მხარდამჭერებს და კონკურენტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, მისთვის იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო, იოლი არ იყო. მისივე თქმით, სრულად აქვს გააზრებული თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დგას.

"მადლობა ყველას, ძალიან ემოციური დღეა. თავისუფლად შევადარებდი იმ პირველ დღეს, როდესაც ფეხბურთზე მივედი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს. ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება. ეს არის ერთიანობის, ქართული ფეხბურთის გამარჯვება და მინდა ყველამ იცოდეთ, ჩემთვის საერთო საფეხბურთო ოჯახში მტერი არ არსებობს. ჩვენ ყველა ერთი ვართ. მინდა მადლობა ვუთხრა რეზის, მამუკას. მინდა ყველამ იცოდეთ, რამდენად ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვიცი რამხელა გამოწვევაა, ვიცი, იოლი არ იქნება", - განაცხადა კობიაშვილმა.