ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა რეზი არველაძემ არჩევნების დასრულების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
არველაძემ არჩევნებში გამარჯვება ლევან კობიაშვილს კიდევ ერთხელ მიულოცა და უსურვა, რომ იმაზე მეტი შეძლოს, რაც მისმა წინამორბედებმა შეძლეს.
„მინდა აბსოლუტურად ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო ლევან კობიაშვილს. მინდა მან იმაზე მეტი შეძლოს, რაც შეძლეს მისმა წინამორბედებმა და ფედერაციამ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო 40 დღის განმავლობაში ასე მშვიდად არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ 15 ადამიანს, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში ბოლომდე გვერდში დამიდგნენ, მათ შორის ძალიან დიდი მადლობა კახა ებრალიძესა და გიორგი შარაბიძეს“, - აღნიშნა არველაძემ.
მისივე თქმით, ის ვერასდროს იფიქრებდა, რომ მსგავსი ჯოჯოხეთის გავლა მოუწევდა.
„თუ ოდესმე ვიფიქრებდი, რომ ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა, არც ჩემ თავს, არც მეგობრებს და არც ოჯახს ამდენს არ ვანერვიულებდი, მაგრამ ეს ყველაფერი ყველაზე უზენაესი და დიდი მიზნისთვის - ფეხბურთისთვის კეთდება. რაც გამოვიდა, გამოვიდა“, - განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.
რევაზ არველაძის თქმით, მას აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში მოუწია არჩევნებზე ყოფნა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ლევან კობიაშვილის ბრალი არ ყოფილა.
„აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. ეს ყველაფერი მისი ბრალი არ არის. ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არაუშავს, გავუძლებ და ისევ ამაყად, თავაწეული ვივლი ამ ქვეყანაში. ცოტა ხანი კომენტარს აღარ გავაკეთებ, ვიქნები ჩემთვის და ვიფიქრებ, როგორ დავისვენო ჯოჯოხეთის მერე“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.
სასტუმრო „Holiday Inn“ ფედერაციის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა დატოვა.