ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული რთული ვითარება, იმ არასწორმა საქციელმა გამოიწვია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას უკავშრდება.
როგორც მამულაშვილმა "პირველი TV"-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი სუბიექტებად კლუბების არგაწევრიანებაა.
"საფეხბურთო სამყაროში როდესაც არ იღებ 24 კლუბს, გასაგებია რომ მათ შორის ბევრს შესაძლოა პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს იწვევს დაძაბულობას. დაძაბულობას იწვევს ისიც, რომ გარკვეული წესდების დარღვევა ხდება. ეს კონკრეტულად ამ ადამიანების უბედურება კი არ არის, ეს ქართული ფეხბურთის უბედურებაა. ჩვენ საბჭოთა სისტემა ვერ შევცვალეთ. UEFA-მ 2 დღეში თუ მოახდინა რეაგირება კლუბების წერილზე, აქ რეაგირებაზე კი არა, კანონის აღსრულებაზეა საუბარი. როდესაც ზვიად სიჭინავა პრეზიდენტად მოვიდა, მან ჩემთვის იშვიათად მოსაწონი რამ თქვა, რომ მას სურდა ფედერაციის სუბიექტების გაზრდა, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. კლუბები ამ ჩემპიონატის მონაწილეები არიან და ფედერაცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სუბიექტების რაოდენობა გაზარდოს. სხვაგვარად, ვინც არ უნდა მოვიდეს, სისტემის შენარჩუნების მცდელობა იქნება", - აღნიშნა მერაბ მამულაშვილმა.