იგივე ხდება, რასაც აკეთებდნენ "ნაციონალები", - ამის შესახებ "ჰოლიდეი ინნ"-თან მისულმა ირაკლი კაკაბაძემ და მსახიობმა გიორგი გურგულიამ განაცხადეს.
როგორც ირაკლი კაკაბაძემ აღნიშნა, დააკავეს დელეგატი, რაც პოლიციური სახელმწიფოს მეთოდების გაგრძელებაა.
"რაც ხდება, ეს არის საშინელება. დაიჭირეს ადამიანი, ეს არის პოლიციური სახელმწიფოს მეთოდები, რომელიც ყოვლად გაუმართლებელია. 2012 წელს ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ ეს არ გაგრძელებულიყო. იგივე ხდება, ძალიან დაბნეულები ვართ და გაბრაზებულები ხელისუფლებაზე", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, რეზი არველაძე მისი მეგობარია, თუმცა ამ შემთხვევაში არჩევნებში ვინმეს მხარდასაჭერად არ მისულა "ჰოლიდეი ინნ"-ში.
"ადამიანი დაიჭირეს, ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს. რაც განაცხადა რეზი არველაძემ, მართალია, იგივე ხდება, რაც ხდებოდა ნაციონალების დროს", - განაცხადა კაკაბაძემ.
რაც შეეხება გიორგი გურგულიას, იგი ირაკლი კაკაბაძის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ მოტივი, რის გამოც გეგა გობეჯიშვილი დააკავეს, ლოგიკას არ შეესაბამება.
"დელეგატი დააკავეს წამლით. ეს მაწუხებს, წაიყვანეს, რომ მოეშარდა და არ გაუშვეს მოშარდვის შემდეგ, თუმცა უშვებენ ყველას. ეს გავს იმ სიტუაციას, როგორც ნაციონალებმა ვითომ დემოკრატიულად დაიწყეს რეფორმა და მერე განაგრძეს წამლის ჩადებით, ოპონენტების დაკავებით და ა.შ. იგივეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც. იმედი გვქონდა, რომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებდით, ამ იმედს ნუ მოგვიკლავენ", - განაცხადა გიორგი გურგულიამ.
რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატურებს, მისი თქმით, ის რეზი არველაძეს ბავშვობიდან იცნობს და შესაბამისად, მას გულშემატკივრობს.