"რეზი არველაძის ულტიმატუმი შესაძლოა სასამართლოზე ზეწოლად ჩაითვალოს"

პოეტ დავით მაღრაძის შეფასებით, თუ რეზი არველაძეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურს, ამით ქართული დემოკრატია არ დაინგრევა.

მაღრაძის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე ულტიმატუმებით საუბრობს.

როგორც მაღრაძე აცხადებს, ის ფაქტი, რომ არველაძე დელეგატებს მოუწოდებს, ყრილობა მანამდე არ გამართონ, სანამ დაკავებულ დელეგატს სასამართლო არ გაათავისუფლებს, შესაძლოა ეს სასამართლოზე ზეწოლად ჩაითვალოს.

"სამართალდამცველების მიერ ადამიანის დაკავება, სასამართლოს გასარკვევია და არა ფედერაციის ყრილობის. ვისაც არ უნდა მონაწილეობის მიღება, ნუ მიიღებს. ამით როგორმე ქართული დემოკრატია არ დაინგრევა. ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ 9 წელი ვიწვალეთ, რომ სასამართლო ყოფილიყო თავისუფალი. ყრილობის ჩატარება-არჩატარების საკითხი, შესაძლოა სასამართლოზე ზეწოლად ჩაითვალოს. მე პირადად შესაძლოა ასე ჩავთვალოთ. ბევრისგან განსხვავებით, ვინც ახლა ულტიმატუმებს აყენებს, მე 9 წელი ვიბრძოდი სასამართლოს თავისუფლებისთვის. ყრილობის ჩატარება-არჩატარების საკითხი, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ უნდა მოქმედებდეს", - აღნიშნა დავით მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ რევაზ არველაძემ დელეგატებს მოუწოდა, ყრილობა მანამდე არ ჩაატარონ, სანამ დელეგატ გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ. არველაძის თქმით, თუ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ, ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გობეჯისშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეოლბს. ცოტა ხანში გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.