სხდომათა დარბაზში შოთა არველაძე შევიდა, რომელმაც „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიას სთხოვა, წასულიყო იმ ოთახში, სადაც დელეგატები რეზი არველაძესთან ერთად არიან.
არველაძემ ფიფია მიიყვანა იმ ოთახთან და უთხრა, რომ იქ მათ ძალით არავინ აკავებდა. არველაძემმ ასევე, მოსთხოვა პასუხი იმ კომენტარზე, სადაც ფიფია ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბარში აცხადებდა, რომ დელეგატები რეზი არველაძეს ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და მათ დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევდა.
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა მხრიდან ისმოდა შეძახილები: „ფიფია აფერისტი“. პროცესი ხმაურისა და ხმამაღალი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. ისმოდა ასევე გინებაც თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მისამართით.
რომან ფიფია მივიდა იმ ოთახთან, სადაც რეზი არველაძე და დელეგატები იმყოფებიან და განაცხადა, რომ ისინი უბრალოდ საუბრობდნენ და სავარაუდოდ, საუბარი მალე დასრულდება.