საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ამავე კომპანიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
საბჭო საქმის მხარეებსა და საზოგადოებას მოუწოდეს სიმშვიდისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება. "ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, 2015 წლის 1 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ამავე კომპანიის წარმომადგენლების განცხადებების გამო, მიზანშეწონილად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სრულიად ბუნებრივად მიაჩნია და ამ საქმეზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართალწარმოების პროცესის დაუბრკოლებლად, გამჭვირვალედ და მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვით განხორციელებას, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის მისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას. მაგრამ, აღნიშნული მიზანი ვერ იქნება მიღწეული საქმის გარშემო არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნით და იმგვარი განცხადებების გავრცელებით, რომელიც მიზნად ისახავს, ან შეიძლება საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ აღქმულ იქნეს სასამართლოზე ზეწოლისა თუ მისი დაშინების მცდელობად. საქმის განმხილველი მოსამართლის მოხსენიება "ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად" "დაქირავებულ და კორუფციაში ჩაბმულ მოსამართლედ, რომელსაც თანხა აქვს აღებული ასეთი გადაწყვეტილების გამოსატანად" სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლისათვის მძიმე დანაშაულის დაბრალება, სასამართლოზე გაუმართლებელი ზეწოლა და მორალური წნეხი მასზე ზეგავლენის მოსახდენად. ყველას შევახსენებთ, რომ ამგვარ დაუსაბუთებელ განცხადებებს, მით უფრო ისეთი მძლავრი მედიასაშუალების გამოყენებით, როგორსაც წარმოადგენს რუსთავი 2, არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. იგი წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის თანაარსი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟის უხეშ შელახვას. ამგვარ გამონათქვამებს საბჭო ექსცესიურად აფასებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟის უზრუნველყოფა ისეთივე დიდი ღირებულებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორიც მედიის თავისუფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს უფლება აქვს სამართალი ეძიოს ზემდგომ სასამართლოში და იმავდროულად მიმართოს შესაბამის ორგანოებს თავისი ეჭვების შესამოწმებლად, ისევე როგორც, საკუთრივ მოსამართლესაც შეუძლია აღძრას სარჩელი მის წინააღმდეგ დიფამაციური განცხადებების გავრცელების გამო. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია და მზად არის იზრუნოს საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობის მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის, რათა ყოველმხრივ შეუწყოს ხელი სამართალწარმოების დროულად და ეფექტიანად განხორციელებას და არ დაუშვას საქმის რომელიმე მხარის მხრიდან სასამართლოს დაშანტაჟება. საქმის მხარეებსა და საზოგადოებას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება მოცემულ საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.