ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. შეფასებას ხუხაშვილი "პირველ რადიოსთან" აკეთებს. ექსპერტი ამბობს, რომ რთულია დასკვნის გამოტანა არის თუ არა პროცესები ხელისუფლებნისგან მართული, თუმცა მისი აზრით ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენები აზიანებს ხელისუფლების იმიჯს. ხუხაშვილის თქმით, ადამიანი, რომელმაც წამოიწყო კამპანია ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ , იქცევა პროვოკაციულად ხელისუფლების მიმართ. ექსპერტი მიიჩნევს,რომ არსებული პერიპეტიების ფონზე ხელისუფლება ფორმდება, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი, მიუხედავად იმისა ის მონაწილეობს თუ არა ამ პროცესებში.
"მე გამიჭირდება ამ შემთხვევაში ხელისუფლების მონაწილეობა არ მონაწილეობაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის რაც ხდება "რუსთავი 2"-ის გარშემო აზიანებს ხელისუფლებას. მე ვფიქრობ , რომ პროცესის დინამიკა და პროცესის ლოგიკა არ აზიანებს არანაირად "რუსთავი-2"-ს , ის აზიანებს მხოლოდ იმ მხარეს, რომელსაც არ მოსწონს ტელეკომპანია და "რუსთავი-2"-ს მუდმივად ტოვებს მედიის თავისუფლების აღქმის ეპიცენტრში, რაც ბუნებრივია ხელისუფლების ინტერესებში არ უნდ შედიოდეს. აქედან გამომდინარე ვინც წამოიწყო, აწარმოებს შეტევას თუ სამართლებრივ ბრძოლას, რაც არ უნდა დავარქვათ ამ ყველაფერს, ის პირველ რიგში იქცევა პროვოკაციულად ხელისუფელბის მიმართ. მიუხედავად იმისა ის ადამინი ხელისუფლების შიგნით არის თუ გარეთ, ის აზიანებს ხელისუფლებას. თუნდაც ის მომენტი , რომ დღეს არ მოხდა რეგისტრაცია, მე ეჭვი მაქვს , რომ "რუსთავი-2"-ს და მის მფლობელებს არაფერში არ სჭირდებოდათ ეს ყველაფერი, ეს იყო მორიგი ხაფანგი, რომელიც დაუგეს ვიღაცას და ის ვიღაცა ძალიან მარტივად გაება ამ ხაფანგში. საბოლოო ჯამში ყველაფერი ის რაც ხდება არის ხელისუფლების ოპონენტების ხელში ინსტრუმენტები იმისა, რომ მოხდეს პარტნიორების თვალში ხელისუფლების სრული დისკრედიტაცია. ამ პერიპეტიების ფონზე ხელისუფლება ფორმდება, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი , მიუხედავად იმისა ის მონაწილეობს თუ არა ამ პროცესებში,"-აცხადებს გია ხუხაშვილი.