ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაბა ურეკის, ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დაიწყო.
საჯარო განხილვა კულტურის სახლში დაბა ურეკის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოაგილემ კახა ფოცხიშვილმა და შემსრულებელი კომპანიის - „არტ სტუდიოს“ არქიტექტორმა გიორგი სულაბერიძემ წარმოადგინეს.
განაშენიანების გენერალური გეგმის განხილვას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გენერალური გეგმაზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გეგმარებითი დავალების შემუშავებაში დამკვეთთან და სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. საკრებულომ დოკუმენტი გამგეობასთან ერთად განიხილა. პროექტი მოწონებულია ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის მიერ.
„მუნიციპალიტეტში არცერთი პროექტი არ განხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე. ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელშიც გააზრებულია წინასაპროექტო ეტაპზე მოძიებული და შემუშავებული ინფორმაცია. წარმოდგენილია ზოგადი ზონირება ტურისტულ - სარეკრეაციო კომპლექსის სამომავლო განვითარების შესახებ. პროექტი არ დამტკიცდება მანამ, სანამ არ მოვისმენთ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების, ასევე ბიზნესმენების, მსხვილი ინვესტორების, მესაკუთრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. პროექტის ამოქმედების შემდეგ ურეკი გაცილებით უფრო მიმზიდველი და კომფორტული კურორტი გახდება“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.