ექსპერტ შოთა ივანაშვილის დასკვნა ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშის მიმართ

ექსპერტ შოთა ივანაშვილის დასკვნა ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშის მიმართ "რუსთავი 2"-ის წილების დათმობა იძულებით მოხდა

ექსპერტ შოთა ივანაშვილის მიერ მომზადებული დასკვნა ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშის მიმართ "რუსთავი 2"-ის წილების დათმობა იძულების და ამორალური გზით მოხდა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ხალვაშის საქმეზე მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშის დამცველმა, პაატა სალიამ განაცხადა.

როგორც სალიამ აღნიშნა, დასკვნა დაადასტურებს, რომ არ შეიძლება ადამიანი, თუ ის იძულების ქვეშ არ იმყოფება წილებს, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონია ყიდდეს რამდენიმე ათასად.

"ჩვენს სარჩელს საფუძვლად უდევს, რომ ეს იყო იძულებით დადებული გარიგება. ამორალური გარიგება. ამორალობაზე მეტყველებს გარიგების ფასის შეუსაბამობა", - განაცხადა პაატა სალიამ.

ადვოკატმა განმარტა, რატომ შეეწინააღმდეგა იგი მოპასუხე მხარის შუამდგომლობას შოთა ივანიაძის სასამართლოში დაკითხვის შესახებ.

როგორც სალია აცხადებს, მოპასუხე მხარისთვის ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ცნობილი არ არის და მან მოითხოვა სასამართლოში აღნიშნული ექსპერტის დაკითხვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

"ყველა შუამდგომლობა, რომელიც დღეს მოპასუხე მხარემ დააყენა მიმართულია, რომ მოხდეს დავის გაჭიანურება და სასამართლოს დასჭირდეს რაც შეიძლება დიდი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთივე მცდელობად მივიჩნიეთ ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირის სასამართლოში წარდგენა. დასკვნა სულ სხვა რამეს ადასტურებს. მხარე არ იცნობს 2001 წელს "რუსთავი 2"-ის წილების ღირებულებაზე მომზადებულ დასკვნებს და შესაბამისად, როგორ შეიძლება ლოგიკური შეკითხვები გქონდეს ექსპერტთან. ამის საფუძველზე მივიჩნიეთ, რომ ექსპერტის დაკითხვა პროცესის გაჭიანურების მიზნით მოითხოვა მოპასუხე მხარემ", - განაცხადა პაატა სალიამ.

მიუხედავად მოსარჩელე მხარის პოზიციისა, რომ ექსპერტი სასამართლოში არ უნდა წარედგინათ მოსამართლემ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტი შოთა ივანაშვილი საქალაქო სასამართლოში 18 ოქტომბრის მთავარ სხდომაზე უპასუხებს მხარეთა შეკითხვებს.