პროკურატურა უახლოეს მომავალში ეროსი კიწმარიშვილის საქმის ყველა დეტალს გაასაჯაროებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვიდრე არ დასრულდებოდა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც, მათ შორის ოჯახი ითხოვდა, პროკურატურას არ სურდა გაესაჯაროებინა საქმის მასალები. იგი აცხადებს, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები ძალიან მალე ამოიწურება.
"არაფერი ჭიანურდება. ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ჩატარებულია ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება, ძალიან ბევრი ექსპერტიზა. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ამ საკითხზე კიწმარიშვილის ოჯახთან. არ გვინდოდა და არ გვსურდა, რომ ის ინფორმაცია, რაც სისხლის სამართლის საქმეში უკვე მოპოვებულია და რაზეც სრული წვდომა აქვს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს, საზოგადოებისთვის ნათელი გაგვეხადა, ვიდრე არ ამოვწურავდით იმ საგამოძიებო მოქმედებებსაც, რასაც თვითონ დაზარალებულის ოჯახი ითხოვდა. ვფიქრობ, ეს საგამოძიებო მოქმედებები ძალიან მალე ამოიწურება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას სრულად გავაცნობთ გამოძიების შედეგებს, მათ შორის, მათ ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის საქმეებთან, კონკრეტულად თითოეულ დაკითხვის ოქმთან, თითოეული ექსპერტიზის დასკვნასთან და საგამოძიებო მოქმედებასთან, რაც ამ საქმეზე არის ჩატარებული პროკურატურის მიერ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილე ფიქრობს, რომ ამ გამოძიების შედეგების გასაჯაროების შემდეგ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა.