მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღევანდელი სხდომის განმავლობაში მოპასუხე მხარის 10 შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რაც მის მიკერძოებულობაზე მიუთითებს , - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარემ, "რუსთავი 2"-ის მფლობელების წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
"მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა ათიდან მოსამართლე ურთმელიძემ, რომელსაც სავარაუდოდ თავი ვერ აარიდა. ეს არის ექსპერტის დაკითხვაზე ჩვენი შუამდგომლობა. ექსპერეტი ივანაშვილი უნდა დაიკითხოს მთავარ სხდომაზე, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ე.წ.ქიბარ ხალვაში რომ "რუსთავი 2" ჩაიგდოს ხელში. ეს დაკითხვა უნდა შედგეს 19 ოქტომბერს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა, რომელიც სწორედ მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ეხებოდა, მან არ დააკმაყოფილა.
"30 სექტემბერის შემდეგ როდესაც მან ტელეკომპანია საქართველოს 100%-იანი წილი დააყადაღა, არა თუ ეჭვი გვაქვს რომ მიკერძოებულია, არამედ ცალსახად ვართ დარწმუნებული რომ ის არის ორკესტრირებული ძალისხმევის ნაწილი, რათა ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2". მრჩება შთაბეჭდილება რომ აღნიშნულ მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მთავარი სხდომა ქიბარ ხალვაშის სარჩელზე 19 ოქტომბერს 11:00 საათზე დაინიშნა.