"რუსთავი 2"-ის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს შოთა ივანაშვილს დაკითხავს, რომელმაც 2005-20006 წელს "რუსთავი 2"-ში ქიბარ ხალვაშის წილები დაითვალა და შეაფასა.
"რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნული შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ამ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგნენ. მიუხედავად ამისა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ექსპერტი სასამართლოში დაიკითხება.
როგორც "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, აუდიტორული დასკვნა, რომელიც შოთა ივანაშვილმა მოამზადა არის მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი და ეხება ბუღალტრულ გაანგარიშებებს, ექსპერტის დაკითხვა კი სასამართლოში საჭიროა რათა მხარეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ თავად ექსპერტისაგან.
მოპასუხე მხარემ ექსპერტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, მოპასუხე მხარემ მოითხოვა მოსარჩელე მხარეს დაევალოს წარმოადგინოს ყველა ის მტკიცებულება და დოკუმენტი, რაც ექსპერტიზას საფუძვლად დაედო. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსარჩელე მხარეს დოკუმენტაციის სასამართლოში წარსადგენად გონივრული ვადა 6 ოქტომბერი განესაზღვრა. ასევე მოპასუხე მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები 7 ოქტომბერს უნდა გადაეცეს და 7 ოქტომბრიდან გონივრულ ვადად ერთი კვირა განისაზღვრა.
საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა ამ დრომდე გრძელდება. სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავს.