"ბატონო სერგო, თითის ქნევას მოეშვით"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, ბიუროს სხდომაზე რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით იმსჯელოს. აღნიშნულ მოთხოვნაზე უარს არ ამბობენ უმრავლესობაში, თუმცა, აცხადებენ, რომ ყველა საკითხი, რეგლამენტის დაცვით უნდა იქნეს განხილული.

"არის პროცედურა. მთელმა მსოფლიომ იცის თქვენი პოზიცია რაში მდგომარეობს, ზუსტად იცის რაში მდგომარეობს ჩვენი პოზიცია. გამიჯვნა იმისთვის თუ არის მოგონილი, რომ საპროცედურო ალიაქოთი შექმნათ, ეს არის პროპაგანდისტული ნაწილი. უნდა მივყვეთ პროცედურას. არც ამაზე ლაპარაკის არავის ეშინია, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ზეც იყოს საუბარი, უბრალოდ არსებობს რეგლამენტი. რეგლამენტით არავინ არავის უშლის გამოხატვის მანერას, მაგრამ ბატონო სერგო, თითის ქნევას მოეშვით, ძალიან გთხოვთ. ილაპარაკეთ ისე, როგორც  პარტიის გენერალურ მდივანს შეესაბამება",- აღნიშნა გია ვოლსკიმ, რომელმაც შენიშვნა ბიუროს სხდომაზე მყოფ სერგო რატიანს მისცა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს რეგლამენტის დაცვისკენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემაც მოუწოდა  და აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, ყველას ექნება.