ირაკლი ალასანია - ყველა ჯანსაღი ძალა უნდა გავერთიანდეთ ერთ მუშტად და დავუპირისპირდეთ ამ დიდ ბოროტებას

ირაკლი ალასანია - ყველა ჯანსაღი ძალა უნდა გავერთიანდეთ ერთ მუშტად და დავუპირისპირდეთ ამ დიდ ბოროტებას

ყველა ჯანსაღი ძალა, რომელსაც საკუთარი მომავალი აღელვებს, უნდა გავერთიანდეთ ერთ მუშტად და დავუპირისპირდეთ ამ დიდ ბოროტებას, რომელსაც ადგილი აქვს, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებს. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ და საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლება. 
"მე გული მწყდება, რომ იგივე პრობლემაზე ვლაპარაკობთ, რა პრობლემაც ქართულ დემოკრატიას ჰქონდა სამი წლის, 5 წლის, 6 წლით ადრე და ა.შ.. თითქოს საქართველოს პოლიტიკაში ყველა ხელისუფლებაში მოსულ ძალას პოლიტიკური სკლეროზი ემართება და აბსოლუტურად არ იზიარებენ იმ შეცდომებს, რომელსაც უშვებდა წინა ხელისუფლება. მედიათავისუფლება არის განუყოფელი ნაწილი დმეოკრატიული საზოგადოების და წინასაარჩევნო კამპაანის. წინასაარჩევნო წელს, როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, ორ რამეზე მეტყველებს: 1. უკიდურესად შეშინებულია და თავის თავში არ არის დარწმუნებული, კარგად იციან, რომ არც ერთი პროექტი არ განხორციელდა და კრახი განიცადა მათმა პოლიტიკამ; 2. საერთოდ პატივს არ სცემენ საქართველოს საზოგადოებას, არც თვლიან ღირსად, რომ მოისმინონ განსხვავებული აზრი. "რუსთავი 2" დამოუკიდებელია ხელისუფლების კონტროლისგან და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ და საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება", - განაცხადა ალასანიამ. 
მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია სწორედ იმიტომაც არის საშიში, რომ იმ სივრცეს კეტავს ხელისუფლება და ივანიშვილი, რაც აუცილებელია საზოგადოებისთვის. "ეს არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ეს კოალიცია შეიქმნა. ყველა ძალა, ყველა ჯანსაღი ძალა, რომელსაც საკუთარი მომავალი აღელვებს, უნდა გავერთიანდეთ ერთ მუშტად და დავუპირისპირდეთ ამ დიდ ბოროტებას, რომელსაც ადგილი აქვს", - აღნიშნა ალასანიამ.