ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი არეშიძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას საკუთარ თავს უკავშირებს და მას პოსტის დატოვებას ურჩევს.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" "კონტაქტში" განაცხადა, რომ მას თავისი ცოლის ძმის თანამდებობაზე დანიშვნაში მონაწილეობა არ მიუღია. კახა კალაძე გიორგი არეშიძის მიმართ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს.
"ეს მიზანმიმართული კამპანიაა კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ და არა გიორგი არეშიძის წინააღმდეგ, რადგან ამ წლების განმავლობაში ვერაფერი ვერ მომინახეს ისეთი, რომ რაღაც აეგორებინათ. იყო საუბარი თითქოს რაღაც ბიზნესებს ვფლობდი, თუმცა, კონკრეტული ბიზნესი, რომელიც მე გამაჩნია, ეს ღიად მაქვს დაფიქსირებული, ამის შესახებ ყველამ იცის. არავისთვის არაფერი წამირთმევია, არავის ბიზნესში არ ჩავხტომივარ, ასე, რომ ეს ყველაფერი არის ისევ ჩემს წინააღმდეგ აგორებული პიარ-კამპანია. უბრალოდ, მე გიორგის, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. მე არანაირი მონაწილეობა მის დანიშვნაში არ მიმიღია, მე ამის უფლება არ მქონია. ამ რჩევას ვაძლევ, როგორც მეგობარს, ნუ რას ვიზამთ ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის", - განაცხადა კალაძემ.