ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით ის არ დაასახელებს იმ კანდიდატს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხარს უჭერს, რათა მისი განცხადება არჩევნებში ჩარევად არ აღიქვან.
როგორც კალაძემ "მაესტროს" გადაცემა "კონტაქტში" განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევად არ შეიძლება აღიქმებოდეს კონკრეტული პიროვნების მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება, თუმცა, ის მსგავსი განცხადებისგან თავს იკავებს.
"სამივე კანდიდატი ღირსეულია. კონკრეტული გვარის და სახელის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს შეიძლება გამოყენებული იყოს თითქოს, მაღალი თანამდებობის პირი ერევა არჩევნებში. მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატის პრეზენტაციაზე პარლამენტის წევრებმა ღიად დააფიქსირეს კონკრეტული პიროვნების მიმართ მხარდაჭერა. თუმცა, მე ეს არ მიმაჩნია, რომ არის სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა. ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, არ უნდა დავრჩეთ იმ სიტუაციაში, სადაც ვართ", - განაცხადა კალაძემ.