ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები და ის მძიმე სიტუაცია, რაც დღეს სახეზეა.
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "კონტაქტში" განაცხადა, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში არ ერევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ჯგუფებს მიეცემათ საშუალება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
"ჩემთვისაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები. ის მძიმე სიტუაცია, რაც დღეს სახეზე გვაქვს და არჩევნებსაც რა თქმა უნდა, ვაკვირდებით თუ როგორ ვითარებაში მიდის. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არ და ვერ ჩაერევა საფეხბურთო არჩევნებში. ის დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, როდესაც კონკრეტულ პიროვნებას მიჰყავდა კონკრეტული პიროვნება და სვამდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. სხვათაშორის, ყველა ჩუმად იყო, მათ შორის ის ვეტერანი ფეხბურთელებიც, რომლებიც დღეს, ვითომ, რაღაც ჩარევებზე საუბრობენ. მაშინ რატომ არ საუბროდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ნემსაძეს ურეკავდა და გადადგომას სთხოვდა", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის განაცხადებით, რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში დელეგატების არასწორად შეარჩიეს და გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს.
"რაც მოხდა გურიასა და რაჭასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არასწორად იქნა დელეგატები არჩეული. გურიის შემთხვევაში ერთპიროვნულად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. არასწორია ინფორმაცია, რომ უეფას წესებით თითქოს არ აქვს კონკრეტულ პიროვნებას სასამართლოში მიმართვის. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სხვათაშორის, გუშინაც გაჟღერდა გენერალური მდივნის მოვალობის შემსრულებლის მიერ ეს სიცრუე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი", - აღნიშნა კალაძემ და აქვე დასძინა, რომ UEFA და FIFA სასამართლო გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად ვერ ცნობენ.