ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე ისაუბრა

მიუხედავად გამოწვევებისა, ჩემი ქვეყანა ცდილობს წვლილის შეტანას საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს უზრუნველსაყოფად გასცეს იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვება.

„აშშ-ის შემდეგ ჩემი ქვეყანა არის ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის სიდიდით მეორე წვლილის შემტანი მებრძოლთა რაოდენობის კუთხით. ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს საუკეთესოთა რიცხვში არიან. ისინი ამაყობენ თავიანთი ქვეყნით. ჩვენ კი პატივს მივაგებთ მათ. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მოვიხსენიო მამაცი ქართველი მებრძოლები, რომლებიც დგანან სამშობლოს სამსახურში და რომლებმაც თავი შესწირეს მშვიდობისა და თავისუფლების საქმეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს წვლილი საერთო უსაფრთხოებაში ამით არ მთავრდება. მისი თქმით, საქართველო ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებს და არის სიდიდით მეორე წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიაში. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მზარდი ურთიერთობები ნატოსთან. „გასულ წელს გამართული სამიტის შემდეგ, ალიანსი დათანხმდა საქართველოსთვის მხარდაჭერის არსებითი პაკეტის მინიჭებას, რომლის მიზანიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და ჩვენი, როგორც ნატოს მოკავშირის, ინტეგრირების დონის ამაღლება. სულ ახლახან ჩვენ გავხსენით ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი, სადაც ქართველი მებრძოლები ნატოს ტრენინგებს დაესწრებიან. გარდა ამისა, ჩვენ ვზრდით საქართველოსა და ნატოს წევრთა საერთო წვრთნებს რაოდენობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.