მცირე სახელმწიფოთა როლის გაზრდა ჩვენ დადებითად ვაფასებთ სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებს, უშიშროების საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელთა მიზანიცაა კრიზისულ სიტუაციებში გაეროს ეფექტიანობის გაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს მსოფლიოს წინაშე დგას უპრეცედენტო გამოწვევები, რომლებიც ურყევ პოლიტიკურ პოზიციას ითხოვს. „საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ უნდა განვახორციელოთ საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმა, რათა მათ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. რეფორმის პროცესს საფუძვლად უნდა დაედოს უშიშროების საბჭოში მცირე სახელმწიფოთა როლის გაზრდა, ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და სამუშაო მეთოდების გაუმჯობესება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.