მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ყველა ახალგაზრდას ხელი მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე, რათა მათ ჰქონდეთ უფლისგან ბოძებული ნიჭის განვითარების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ის ხედავს ქვეყანას, სადაც ადამიანებს არ აშინებთ ჯანდაცვისა თუ თავიანთი ოჯახების დაცვისთვის, კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღის უზრუნველსაყოფად აუცილებელი რესურსების არარსებობა. „ჩვენი ხედვა მკაფიოა და მომავალი - ნათელი. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება. მე ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელიც იყენებს თავის მდებარეობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მე ვხედავ სახელმწიფოს, რომელიც ერთგულად ემსახურება მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის საქმეს. მე ვხედავ ქვეყანას, როგორც სამეზობლოში სიკეთისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალას, რომელიც ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ეს შეშვენის მსოფლიოს მოქალაქეს. ერთად ვიაროთ ნათელი მომავლისკენ მიმავალ გზაზე, მომდევნო თაობების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა გაეროს ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.