პრემეირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიებზე მცოცავ ანექსიას. მისივე თქმით, საქართველო ყველანაირად ცდილობს, რუსეთთან კონსტრუქციული პოლიტიკა აწარმოოს და კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდეს. ღარიბაშვილის განცახდებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, თუმცა არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე.
„გაეროს ტრიბუნიდან მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. ხელშეკრულებებს სოხუმსა და ცხინვალის რეჟიმებთან და კვლავ ხდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა, მცოცავი ანექსია და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის იგნორირება. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას წართმეული აქვს თავისუფალი ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. დე-ფაქტო ხელისუფლებამ განახორციელა დამატებითი ზომები, რომ ქართველებს განათლება არ მიეღოთ მშობლიურ ენაზე, ყველა ძირითადი უფლება არის შეზღუდული. ათასობით ადამიანი ოცნებობს დაბრუნებაზე საკუთარ სახლებში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან პასუხსიმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები დავამყაროთ. ვცდილობთ გადავდგათ კონსტრუქციული ნაბიჯები და ბიძგი მივცეთ ვაჭრობას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ტურიზმს, ყველა იმ სფეროს, სადაც კი შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობა. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, არ განხორციელდება ჩვენი ტერიტორიების დათმობის და სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაცია საბოლოოდ შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და გახდება პასუხისმგებელი წევრი, საერთაშორისო საზოგადოების. ჩვენ მტკიცე პოზიციაზე ვართ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.