პატრიარქმა სტუდენტები დალოცა

პატრიარქმა სტუდენტები დალოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სტუდენტები დალოცა და მიმართა, რომ ახლა იწყება მათი პასუხისმგებლიანი ცხოვრება, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ახალგაზრდობის წინაშე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ნარკომანიის სენზე გაამახვილა ყურადღება. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ახალგაზრდობა ნარკომანიას დაძლევს.

"ხვალ სასწავლო წლის დასაწყისია. მოხარული ვართ, რომ აქ ბრძანდებიან ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც ოქროს მედლები დაიმსახურეს და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. მინდა გითხრათ, რომ ახლა იწყება თქვენი მოღვაწეობა, დიდი პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, ერის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, ოჯახის წინაშე, ამიტომ მზად უნდა იყოთ, ყოველი ადამიანი მზად უნდა იყოს განსაცდელისთვის, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. საერთოდ, ჩვენი ახალგაზრდობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ვერ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც კაცობრიობა იმყოფება – ნარკომანია და სხვა სენი დღევანდელი ახალგაზრდობის ნაწილს ახასიათებს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი ისეთი მადლით არის დაჯილდოებული, რომ ამ სენს დაძლევს და დიდი მოღვაწეობისთვის მოემზადება", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა საკვირაო ქადაგებისას.

გარდა ამისა, ილია მეორემ ამპარტავნებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ბიბლიაში ნათქვამია, რომ უფალი ამპარტავანს შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მადლს მიანიჭებს. პატრიარქის განცხადებით, ყველა ადამიანისთვის ყველაზე სანატრელია, რომ მასზე უფლის მადლი გადმოვიდეს.