მთავრობის ანგარიშში პაატა ზაქარეიშვილის უწყების მიერ კონფლიქტების მოგვარების მიზნით გაწეულ საქმიანობაზეა საუბარი

მთავრობის ანგარიშში პაატა ზაქარეიშვილის უწყების მიერ კონფლიქტების მოგვარების მიზნით გაწეულ საქმიანობაზეა საუბარი

მთავრობის ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათ შეინარჩუნონ და გააძლიერონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობა.

პაატა ზაქარეიშვილის უწყების მიერ კონფლიქტების მოგვარების მიზნით გაწეულ საქმიანობაზე მთავრობა საკუთარ ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტში გუშინ შევიდა.

"საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულად ამზადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების, ეკონომიკური ექსპანსიის, უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და სხვა უკანონო ქმედებების ფაქტების ამსახველ დოკუმენტებს;

მუდმივად იღებს მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის (IPღM) შეხვედრებში. მექანიზმის ეფექტურად გამოყენებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის მიმართულებით შეწყვეტილი შეხვედრების აღდგენისთვის", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ მის ფარგლებში რეგულარულად განიხილება გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიკადების აღმართვის შედეგად მოსახლეობისათვის წარმოქმნილი მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური გამოწვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების, მათ შორის განსაკუთრებით გალის რაიონის მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების თემა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ზრუნვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე.

"საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, გაუზიაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ის სხვადასხვა სარგებელი, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან; განსაკუთრებით ის ახალი შესაძლებლობები, რაც უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აქტიურად იყენებს საკუთარ რესურსებს, ისევე როგორც გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ "საკოორდინაციო მექანიზმს". შედეგად მაქსიმალური დახმარება ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაში, როგორც ადგილზე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე გამყოფი ხაზების აქეთ.

გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სარგებლობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, რომელთა შორის "რეფერალური მომსახურების" სახელმწიფო პროგრამა უმთავრესია.

გამყოფი ხაზების მიმდებარე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლების შედეგად, დაზარალებული მოსახლეობის დახმარება - საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, ამ მიზნით:

შემუშავდა "კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის" პროექტი.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელდა და გრძელდება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიკაცია.

ზემოაღნიშნულ სოფლებში განხორციელდა ცალკეული სასოფლო–სამეურნეო პროექტები: მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად მოეწყო ამბულატორიები, სტუდენტებს დაუფინანსდათ სასწავლო წლის საფასური, ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორის, კასპის, ონის, საჩხერეს, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 11677 ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 2 335 400 ლარი და თითოულ ოჯახს გადაეცა 200 ლარი.

2015 წლის 1 აპრილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა უმაღლეს დონეზე, რომელზეც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან ხელმოწერილი ე.წ. "ხელშეკრულებების" შესაძლო შედეგებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში არსებული გამოწვევების გარდა განხილულ იქნა ჩართულობის პოლიტიკის ასპექტები, ევროკავშირის როლი კონფლიქტის მოგვარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

2015 წლის მარტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა სხვადასხვა უწყების პოზიცია და წინადადებები ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კონკრეტულ სფეროებში, აფხაზური და ოსური საზოგადოებისათვის შესაძლო სარგებლისა და შესაძლებლობების შეთავაზების თაობაზე, რომელიც ევროკავშირის მხარეს მიეწოდა.

ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ კონფლიქტების მოგვარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშებში", - ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობის ანგარიში პარლამენტში გუშინ შევიდა. დოკუმენტი 90-გვერდიანია.