სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემა კატეგორიების მიხედვით ხორციელდება

სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემა კატეგორიების მიხედვით ხორციელდება

თბილისის ვიცე მერი, ლაშა აბაშიძე არ ეთანხმება სტიქიის შედეგად დაზიანებულ ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი ოჯახის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომპენსაციების გაცემა "შერჩევით" ხდება.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპენსაციების გაცემა იმ კატეგორიების მიხედვით ხორციელდება, რომელიც თბილისის მერიამ განსაზღვრა.

"პირველ კატეგორიაში შემავალი ოჯახების 90-95 პროცენტის შემთხვევაში უკვე დავასრულეთ კომპენსაციის გაცემა. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ყველა ოჯახია აღწერილი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენისას მოხდება ზარალის ანაზღაურება. როგორც ცნობილია, ჩვენ განვსაზღვრეთ არეალი, რომელშიც მოვაქციეთ კონკრეტული უძრავი ქონება. თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული წესიც სწორედ ამ არეალს ეხება, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან შორი ადგილებიდან მოდიან ოჯახები და ითხოვენ კომპენსაციას. კი ბატონო, ჩვენ მათაც ვეხმარებით, მაგრამ თუ ისინი პირველ ან მეორე კატეგორიაში არ ირიცხებიან, კომპენსაციის განსაზღვრულ წესს ვერ დაექვემდებარებიან", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, წყნეთის ხევის და სვანეთის ქუჩა, რომელთა მცხოვრებლების ერთ ნაწილსაც კომპენსაციასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, აღნიშნულ არეალში მთლიანადაა შესული.