სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა შესაძლოა, სექტემბერში გაიმართოს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა შესაძლოა, სექტემბერში გაიმართოს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა შესაძლოა, სექტემბრის განმავლობაში გაიმართოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომისიის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება იმას, განიხილავს თუ არა კომისია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, დემეტრაშვილისთვის უცნობია, შევა თუ არა აღნიშნული საკითხი სხდომის დღის წესრიგში.

"დავით უსუფაშვილმა თავის დროზე თქვა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში იქნება მოწვეული საკონსტიტუციო კომისია. დღის წესრიგი არ იყო მაშინ დადგენილი, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ კომისია შეიკრიბება, თუმცა ამ დღეებში იქნება თუ არა სხდომა, ჯერ ინფორმაცია არ გამაჩნია. ჩემთვის ამის თაობაზე არავის არაფერი შეუტყობინებია", - განაცხადა დემეტრაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.

პარლამენტში მმართველ კოალიციაში შემავალი 81 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება.

პროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ზღვარის 5%-დან 4%-მდე შემცირება. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ის საკონსტიტუციო ნორმა უქმდება, რომელიც არჩევნებში დაბალი შედეგის მქონე, ბარიერგადალახულ სუბიექტს პარლამენტში ფრაქციის შექმნის მიზნით, მანდატების ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალურ ოდენობამდე შევსების შესაძლებლობას აძლევს.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედება, მისი მიღების შემთხვევაში, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.