საქმეს წაადგება თუკი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს საკონსტიტუციო კომისია განიხილავს

საქმეს წაადგება თუკი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს საკონსტიტუციო კომისია განიხილავს

ვფიქრობ, საქმეს წაადგება თუკი პარლამენტში შეტანილ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ჯონი ხეცურიანმა განუცხადა.

"არც პარლამენტს დაურღვევია სამართლებრივი პროცედურები, როცა პროექტის საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება ისე მოხდა, რომ ის საკონსტიტუციო კომისიას არ განუხილავს და პრეზიდენტსაც აქვს უფლება, იცოდეს, რა აზრი აქვს მასზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდეს.

რასაკვირველია, კარგი იქნება საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელოს აღნიშნულ პროექტზე და თავისი მოსაზრება გამოთქვას, ვინაიდან იქ შედიან დარგის სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დეპუტატები და ა.შ. ვფიქრობ, თუკი ცვლილებებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას ისეთი ავტორიტეტული ორგანო იტყვის, როგორიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაა, ეს საქმეს წაადგება", - განაცხადა ხეცურიანმა.

რაც შეეხება იმას, გეგმავს თუ არა კომისია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე სხდომის გამართვას, ხეცურიანის თქმით, აღნიშნულის შესახებ მისთვის უცნობია, რადგან კომისიის სამდივნოდან ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

"ალბათ შეგვეხმიანება საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა და სამდივნო ამის თაობაზე. ყოველ შემთხვევაში მე მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ამ საკითხზე ვიმსჯელოთ (თუ მოინდომებენ), თუმცა შეიძლება არც ჩატარდეს", - აღნიშნა საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელმა.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტში დეპუტატთა 50%-ზე მეტმა ხელი მოაწერა წინადადებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შესახებ. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის ჩვენს უზენაეს კანონში შესატანი და შესაბამისად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო კომისია ფუნქციონირებს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მინდა თხოვნით მივმართო, ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღმავების თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტში მმართველ კოალიციაში შემავალი 81 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება.

პროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ზღვარის 5%-დან 4%-მდე შემცირება. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ის საკონსტიტუციო ნორმა უქმდება, რომელიც არჩევნებში დაბალი შედეგის მქონე, ბარიერგადალახულ სუბიექტს პარლამენტში ფრაქციის შექმნის მიზნით, მანდატების ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალურ ოდენობამდე შევსების შესაძლებლობას აძლევს.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედება, მისი მიღების შემთხვევაში, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.