ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოემგზავრებიან საქართველოში თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "აირზენაში" განუცხადეს, რეისი, რომელმაც ანტალიიდან საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოიყვანოს, ჯერ არ დაგეგმილა.
"ველოდებით ინფორმაციას ცენტრალური ოფისიდან რეგისტრაციის დაწყების თაობაზე. ამ დროისთვის, უცნობია თუ როდის განხორციელდება საქართველოდან ანტალიაში ფრენა, რომელმაც აღნიშნული მგზავრები საქართველოში უნდა ჩამოიყვანოს", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია Alltours-ში კი, რომელმაც აღნიშნული მოქალაქეები წაიყვანა ანტალიაში, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ.
მათივე განმარტებით, მიზეზად დაუსახელეს, რომ კომპანია Alltours-მა "აირზენას" არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად თვითმფრინავიც არ გაფრინდა მათ წამოსაყვანად.
"ტურისტულ კომპანიაში ტელეფონს არ პასუხობენ. უპატრონოდ მიტოვებული ტურისტები ამაოდ ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მათ ღამეების გათენება უწევთ ქუჩაში და გაპარტახებულ ბინძურ სასტუმროებში. სანამ კომპანია ზარებს პასუხობდა, კლიენტებს აძლევდა ყალბ იმედს, რომ თვითმფრინავი მალე გამოფრინდებოდა", - აცხადებენ მგზავრები.
ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, მაია მჭედლიშვილი "იმედთან" სატელეფონო საუბარში პრობლემას ადასტურებს.
"კი, რეალურად არის იქ ფინანსური პრობლემა. რეისზე დავალიანება არის დარჩენილი და ამ დავალიანების გამო ავიაკომპანია არ ასრულებს რეისს", -განაცხადა მაია მჭედლიშვილმა და ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავი 14:00 საათზე გაფრინდებოდა.