ამ წუთას ლარის კურსი უფასურდება იმიტომ, რომ ადამიანების მოლოდინები უარესისკენ არის, ვიდრე უკეთესისკენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა.
"ამ წუთას ლარის კურსი უფასურდება იმიტომ, რომ ადამიანების მოლოდინები უარესისკენ არის, ვიდრე უკეთესისკენ. მოლოდინები არის იქეთკენ, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება. ეს კი მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის უფრო მეტად გაუფასურებას უწყობს ხელს", - განაცხადა ცომაიამ.
მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ეროვნული ვალუტის კურსი უფასურდება განპირობებულია იმით, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გავიდა და ამ მხრივ, ადამიანების მოლოდინი კიდევ უფრო უარესია.
როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, ლარის დევალვაციაზე საგარეო ფაქტორები, რა თქმა უნდა, მოქმედებს, რომლებიც უფრო და უფრო მწავდება.
"პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებშიც ღრმად უნდა ჩავიხედოთ - არის ეს წმინდა ვალუტის შემოდინება, თუ ქვეყანაში აქტივების შემოტანა, რომელიც შეიძლება აღირიცხება როგორც ინვესტიცია, მაგრამ არ უკავშირდება უშუალოდ ვალუტის შემოტანას. ვიდრე ექსპორტის ოდენობა მცირდება, რაც მთლიანად საგარეო ბაზარზეა დამოკიდებული, რეგიონში კი ეკონომიკური შოკია, ასევე იქედან გამომიდინარე, რომ ამას ვერ აბალანსებს ტურიზმიდან მიღებული ნაკადები, ასევე გადმორიცხვები მცირდება, ბუნებრივია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ლარს აუფასურებს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ამას ემატება მოლოდინებიც, რომლებიც ასევე კურსის დევლავაციას უწყობს ხელს", - განაცხადა ცომაიამ.
ამასთან, ცომაია მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში ადამიანებსა და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
"მართებული იქნება, რომ ადამიანებსა და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. შევეცადოთ, მარტივად ავხსნათ, თუ რა ხდება. ადამიანებს ინფორმაცია არ აქვთ. მისი ნაკლებობა კი ყოველთვის იწვევს მოლოდინებს და პანიკას. პირველ რიგში, ხალხს უნდა ავუხსნათ, რა ხდება. ის, რომ ამ სიტუაციას პასუხის გამცემი არავინ ჰყავს, ეს ცუდია. ასევე პრობლემაა მთავრობის პოლიტიკაში, რადგან ამ დროს, როდესაც მთავრობა შიდა ვალის ხარჯვით ცდილობს ხარჯების დაფარვას, როდესაც შიდა ვალზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდება, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე ის ამ პოლიტიკას მაინც აგრძელებს, ე.ი. დეფიციტურ ხარჯვას უწობს ხელს. პირიქით, მთავრობამ ხარჯები მაქსიმალურად უნდა შეამციროს და ეკონომიკა იმ პერიოდისთვის მოამზადოს, რომ იქნებ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ამ მწავავე პრობლემის გადალახვა შევძლოთ, ანუ გადასახადები უნდა შეამციროს და მთავრობის ხარჯები მაქსიმალურად შეკვეცოს. გასაგებია, რომ მთავრობის ეს ქმედება მომავალი არჩევნებისთვის არაპოპულარული და დამღუპველი ნაბიჯია, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთდერთი სწორი გამოსავალია", - განაცხადა ცომაიამ.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ სებ-მა ინფორმაციის დონეზე უნდა გააკეთოს განცხადება, თუ რასთან გვაქვს საქმე.
"სხვა მხრივ, სებ-ი ამ სიტუაციაში შეზღუდულია. ვფიქრობ, რომ თავისი ინსტრუმენტების გამოყენებას ვერ შეძლებს და აზრიც არ აქვს. შეუძლია ეს დროებით შეაკავოს, ფიქსირებული სავალუტო რეჟიმის ინსტრუმენტები გამოიყენოს, ანუ ლარი დოლართან მიმართებაში დაიჭიროს, მაგრამ ეს დიდი ხნით ვერ გაგრძელდება და ამას თავისი საფასური აქვს - შეეწირება რეზერვები, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.", - განაცხადა ცომაიამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3876 ლარია.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის ყიდვა 2.42-2.44 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.37-დან 2.40 ლარის ფარგლებში იბარებენ.
კომერციულ ბანკებში კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.43-დან 2.48 ლარამდე მერყეობს. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები სწრაფად იცვლება.